Georgian+995 571 184281
info@auditor.ge
Georgian+995 571 184281
info@auditor.ge

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახე

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-8 მუხლის:

ა) მე-12 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. დივიდენდი – აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე; რეპო შეთანხმების, ფასიანი ქაღალდების გასესხებისა და ფინანსური გირავნობის შემთხვევაში გამყიდველის/გამსესხებლის მიერ მყიდველისგან/მსესხებლისგან მიღებული საკომპენსაციო თანხა, რომელიც არის ასეთი გარიგების მოქმედების პერიოდში ფასიანი ქაღალდებიდან რეალურად მიღებული დივიდენდი. ამასთანავე, დივიდენდს არ მიეკუთვნება:

ა) იურიდიული პირის ლიკვიდაციისას ან აქციის/წილის გამოსყიდვისას ფულადი ან ნატურალური ფორმით განხორციელებული გადახდა (განაცემი), რომელიც არ აღემატება კაპიტალში (საწესდებოსა და საემისიოში) აქციონერის/მოწილის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობის ფარგლებს;

ბ) იურიდიული პირის აქციონერზე/მოწილეზე განხორციელებული გადახდა ამავე იურიდიული პირის აქციის/წილის საკუთრებაში გადაცემით, გარდა რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული წილობრივი ფასიანი ქაღალდის გადაცემისა.“;

ბ) მე-19 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პროცენტად ითვლება:

ბ.ა) საპენსიო დაზღვევის ხელშეკრულების მიხედვით მზღვეველის მიერ დაზღვეულისათვის გადახდილი სადაზღვევო ანაზღაურება (თანხა), ამ ანაზღაურების მისაღებად განხორციელებული სადაზღვევო შენატანების გამოკლებით;

ბ.ბ) კრედიტთან (სესხთან), დეპოზიტთან, ანაბართან, ობლიგაციასთან დაკავშირებული გადასახდელი;

ბ.გ) შემოსავალი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებიდან და ობლიგაციებიდან, მათზე დარიცხული პრემიებისა და მოგებების ჩათვლით;

ბ.დ) სასესხო ფასიანი ქაღალდის მიწოდების ფასსა და შეძენის ფასს შორის სხვაობის თანხის ნაწილი ამ ფასიან ქაღალდზე მიწოდების მომენტამდე დარიცხული და აუნაზღაურებელი პროცენტის ოდენობით;

ბ.ე) რეპო შეთანხმების ფარგლებში სასესხო ფასიანი ქაღალდის გაყიდვის ფასსა და მისი ან მისი ეკვივალენტური სხვა სასესხო ფასიანი ქაღალდის გამოსყიდვის წინასწარ შეთანხმებულ ფასს შორის სხვაობა;

ბ.ვ) რეპო შეთანხმების, ფასიანი ქაღალდების გასესხების ან ფინანსური გირავნობის ფარგლებში გამყიდველის/გამსესხებლის მიერ მყიდველისგან/მსესხებლისგან მიღებული ანაზღაურების თანხა, რომელიც არის აღნიშნული გარიგების მოქმედების პერიოდში ფასიან ქაღალდებზე დარიცხული და მყიდველის მიერ ფაქტობრივად მიღებული პროცენტი;“;

გ) 50-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51-ე−54-ე ნაწილები:

„51. რეპო შეთანხმება, უკურეპო შეთანხმება − „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული გარიგება, თუ ეს გარიგება დადებულია საბაზრო პრინციპების შესაბამისად, ფასიანი ქაღალდის უკან გამოსყიდვა ხდება მისი გაყიდვიდან 12 თვის განმავლობაში და ამ გარიგებით გათვალისწინებულია მყიდველის მიერ შეთანხმების მოქმედების პერიოდში ფასიან ქაღალდზე დარიცხული და ფაქტობრივად მიღებული პროცენტის, დივიდენდის (კუპონის) ან ნებისმიერი სხვაგვარი განაწილების, რომელიც გულისხმობს მის ეკვივალენტურ გადახდას, გამსესხებლისათვის ანაზღაურება.

52. ფასიანი ქაღალდების გასესხება − „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული გარიგება, თუ ეს გარიგება დადებულია საბაზრო პრინციპების შესაბამისად, ფასიანი ქაღალდების დაბრუნება ხდება მათი პირველადი მიწოდებიდან 12 თვის განმავლობაში და ამ გარიგებით გათვალისწინებულია მსესხებლის მიერ შეთანხმების მოქმედების პერიოდში ფასიან ქაღალდზე დარიცხული და ფაქტობრივად მიღებული პროცენტის, დივიდენდის (კუპონის) ან ნებისმიერი სხვაგვარი განაწილების, რომელიც გულისხმობს მის ეკვივალენტურ გადახდას, გამსესხებლისათვის ანაზღაურება.

53. ფინანსური გირავნობა − „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული გარიგება.

54. დერივატივი − „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული გარიგება.“.

2. მე-15 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფინანსური ინსტრუმენტი არის ნებისმიერი შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც წარმოშობს როგორც ერთი პირის ფინანსურ აქტივს, ისე მეორე პირის ფინანსურ ვალდებულებას. იგი მოიცავს: ფულად სახსრებს (ნაღდი და უნაღდო ფორმით), სესხებს (კრედიტებს), სასესხო ვალდებულებებს, თამასუქებსა და ფასიან ქაღალდებს, მათ შორის: კაპიტალში წილებს, აქციებს, ობლიგაციებს და ისეთ დერივატივებს, როგორებიცაა: ოფციონი, ფიუჩერსი, ფორვარდი, სვოპი და სხვა. ფინანსური ინსტრუმენტი მოიცავს აგრეთვე ფულადი გამოსახვის მქონე, საქართველოს კანონმდებლობით დაშვებულ ნებისმიერ შეთანხმებას ორ სუბიექტს (კონტრაგენტს) შორის. ამასთანავე, თუ აღნიშნული შეთანხმების არსებობის პერიოდში მის ნებისმიერ ეტაპზე ამ შეთანხმების შედეგად განხორციელდა საქონლის ან/და მომსახურების მიწოდება, გარდა ფინანსური ოპერაციებისა და მომსახურების მიწოდებისა, ამ ფინანსური ინსტრუმენტის მფლობელ სუბიექტებს შორის ან/და მესამე პირებისთვის/მესამე პირებისგან, ასეთი მიწოდების მომენტიდან იგი აღარ ითვლება ფინანსურ ინსტრუმენტად.“.

3. 136-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 ნაწილი:

„15. პირის მიერ დერივატივის ფარგლებში შემოსავლებისა და ხარჯების ოდენობის განსაზღვრა და აღიარება ხდება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ამასთანავე, საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს ცალკეული შემთხვევები, რომლებზედაც არ გავრცელდება დერივატივის ფარგლებში შემოსავლებისა და ხარჯების ოდენობის განსაზღვრისა და აღიარების აღნიშნული წესი, და ასეთი შემთხვევები განსხვავებულად მოაწესრიგოს.“.

4. 148-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 ნაწილები:

„4. მყიდველის/მსესხებლის მიერ რეპო შეთანხმების, ფასიანი ქაღალდების გასესხების ან ფინანსური გირავნობის ფარგლებში თავდაპირველად შეძენილი/მიწოდებული სასესხო ფასიანი ქაღალდის მესამე პირისთვის მიწოდების შემთხვევაში მიწოდებული/გამოსყიდული სასესხო ფასიანი ქაღალდის ღირებულება და ფასი თითოეულ შემთხვევაში განისაზღვრება გამყიდველის/გამსესხებლის მიერ პირველად მიწოდებული ფასიანი ქაღალდის საბაზრო ფასით.

5. სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენის შემდეგ მყიდველის მიერ მიღებული პროცენტი, რომელიც შესყიდვის თანხის ნაწილია, უნდა ჩაითვალოს პროცენტად ამ კოდექსის მე-8 მუხლის მე-19 ნაწილის „ბ.დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რაც შეამცირებს ფასიანი ქაღალდების ღირებულებას. იგი არ ჩაითვლება მყიდველის საერთო შემოსავალში.“.

5. 149-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) რეპო შეთანხმების, ფასიანი ქაღალდების გასესხების ან ფინანსური გირავნობის ფარგლებში სასესხო ფასიანი ქაღალდის მიწოდება და მისი ან მისი ეკვივალენტური სხვა სასესხო ფასიანი ქაღალდის წინასწარ შეთანხმებულ ფასად გამყიდველისთვის/გამსესხებლისთვის დაბრუნება.“.

6. 238-ე მუხლის 12​1 და 12​2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12​1. ამ თავით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები არ ვრცელდება „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ფინანსურ გირავნობაზე (ფინანსური გირავნობის საგანზე).

12​​2. ამ თავით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები, გარდა ამ კოდექსის 243-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებისა, არ ვრცელდება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისტემის მონაწილის ანგარიშსწორების ანგარიშზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
 

Leave a Reply